
თბილისში, მშვიდობის ხიდთან უცნობი მამაკაცის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ობიექტი გახდა ტურისტი ქალი, რომელიც დედაქალაქში მარტო გადაადგილდებოდა და ღირსშესანიშნაობებს ფირზე იღებდა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველებმა შეატყობინეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქშიც" გავრცელდა. თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით 35 წლის ასაკის რუს ტურისტ ქალს უცნობი მამაკაცი გამოელაპარაკა, ხოლო შემდეგ მასზე ფიზიკური ძალა იხმარა და, დაზარალებულის მიერ მედიკოსებთან გაჟღერებული ვერსიის მიხედვით, გაუპატიურება დაუპირა.
ტურისტმა მოძალადის აგრესიისგან გაქცევით დაიხსნა თავი, თუმცა, ფიზიკური დაზიანება მიიღო. თავდამსხმელის ვინაობა დაუდგენელია - მან გაქცევა მოახერხა, ხოლო ტურისტმა ქალმა გაქცევის შემდეგ პატრულის ეკიპაჟი გააჩერა და მოხდარის შესახებ აცნობა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასწარფო დახმარება გამოიძახა, რომელმაც ტურისტი ორთაჭალაში მდებარე „ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულთან ამ დრომდე არ მისულა გამომძიებელი.