
„განსხვავებული აქცენტები“ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე აუდიოფაილს აქვეყნებს. ჩანაწერები, ძირითადად, 2013 წელსაა გაკეთებული.
აუდიოფაილების მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზონებს შორის სატელეფონო კონფერენციების კოორდინირება ე.წ. კანონიერი ქურდების ტარიელ ფოცხვერიასა და სპარტაკ ჯაფარიძის ზედამხედველობით, "რეზბალნიცაში" ხდებოდა.
საქმიანი გარჩევები, ე.წ. ობშიაკებზე საუბარი, ე.წ. მაყურებლების დანიშვნა და მობილური ტელეფონებით სარგებლობის ფაქტები.
ეკა კვესიტაძის განცხადებით, აუდიოფაილები, რომლებიც „განსხვავებულმა აქცენტებმა“ მოიპოვა, ძირითადად, 2013 წელს, სოზარ სუბარის მინისტრობის დროსაა გაკეთებული. ამის მიუხედავად, სოზარ სუბარი ამ და სხვა ფაქტების არსებობას კატეგორიულად უარყოფდა, ხოლო როცა „მაყურებლების“ ხელახლა გაჩენის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა, სოზარ სუბარმა მას „აკაკი მინაშვილის გავლენის ქვეშ მოქცეული“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებული ერთერთი აუდუიოფაილის მიხედვით, ამნისტიის მასშტაბებით თვითონ ყოფილი პატიმრებიც გაკვირვებულები არიან. ერთერთ საუბარში მსჯავრდებული ამბობს:
„იცი, ვინებს მოუხსნეს? ბარიგობები და ოც-ოცები, ბიჭო, ბარიგებს მაშინ ჯაბამ არ შეახო, ახლა რა ხალხი გამოუშვეს...“.
სხვა საუბარში კი კრიმინალური ავტორიტეტები არსებულ სიტუაციაზე და მათთვის მიღებულ „შვებაზე“ საუბრობენ:
„ამათ რო დაბრუნების საშუალება მიეცეთ, ბიჭო, ყველანი უნდა დავხოცოთ, ამათი მოსვლა და ჩვენი სიკვდილი ერთი იქნება, ტო... ბიძინაზე როგორ ვარ, იცი? აი, როგორც ზვიადისტები არიან, ისე ვარ ბიძინისტი...“.
„განსხვავებული აქცენტების“ აუდიოფაილებიდან ასევე ირკვევა ისეთი დაუჯერებელი ფაქტი, როგორიცაა ციხეში მეგობარი ქალის შეყვანა პატიმართან და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ციხეში.