
როგორც ჟურნალი „რეიტინგი“ წერს, 20 წლის ანა, მშობლების დაშორების შემდეგ, მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობდა და დღემდე რუსეთის მოქალაქეა.
„ამის შესახებ ცნობილი ანას ერთ-ერთი ფოტოდან გახდა, როდესაც თბილისი-მოსკოვის რეისის ბილეთებისა და პასპორტის ფოტო გამოაქვეყნა.
მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანას თავისუფალი ცხოვრების სტილი „ყველას საქმე გახდა“. მართალია, სოციალურ ქსელში პირადი გვერდები უცხო ადამიანებისთვის დახურა, მაგრამ როგორც ჩანს, ნაცნობებში მაინც არიან ისეთები, ვინც მის გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს პერიოდულად ჟურნალისტებს აწვდიან.
პირველი სერიოზული სკანდალი ანას და მისი შეყვარებულის, ბაჩო სირაძის გარშემო აგორდა. ამის მიზეზი ბაჩოსა და მაკა ჩიჩუას სიძეს, მინდია გოგოჭურს შორის არსებული კონფლიქტი იყო.
ბაჩომ და მინდიამ ანას გამო იჩხუბეს. ამბობდნენ, რომ ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ და სისხლიანი გარჩევის დროს გოგოჭურმა სიძე ფეხში დაჭრა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით იყო აღძრული, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები, უცნობია.
ანა ახალ სკანდალში მაინც გაეხვა. კლუბ „სენეტაში“ მეგობრებთან ერთად მისულმა პრეზიდენტის ქალიშვილმა მაგიდიდან ფეხები არ ჩამოიღო და დაცვის შენიშვნის შემდეგ მათთან კონფლიქტსაც არ მოერიდა. ხმაურიანი ინციდენტი მედიას არ გამორჩენია და ამის შესახებ თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემა წერდა. ამბობენ, რომ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და გაზიანი სასმელით ხელში მარგველაშვილმა კლუბი დატოვა.
გიორგი მარგველაშვილის გოგონამ გასულ კვირას პრესას კიდევ ერთხელ მისცა მისით დაინტერესების საბაბი. ანას მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებელის გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. ვიდეოში მან თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გაგვაცნო. მანქანაში ორ მეგობარ ბიჭთან ერთად თემო რცხილაძის სიმღერა შეასრულა და ვიდეო ინტერნეტში განათავსა.
როგორც აღმოჩნდა, მანქანა, რომელშიც ტრიო მღეროდა პრეზიდენტის ექსკორტის კუთვნილებაა. ვიდეოში ჩანს სპეციალური ციმციმები, რომლებიც მხოლოდ ესკორტისთვის არის დაშვებული. გაბრაზების მიზეზი ასევე გახდა რუსული სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რესტორნებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსულენოვანი რეპერტუარი“, - წერს „რეიტინგი“.