
სენაკში, სოფელ ნოსირში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ტეხურაში ბანაობისას ერთი ოჯახის რძლები რიტა მიგინეიშვილი და თეონა ბუკია დაიხრჩვნენ.
„ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ეს ქალბატონები, ძმების მეუღლეები იყვნენ, გვარად სახოკიები არიან ის ბიჭები. რიტა მიგინეშვილი, 36 წლის იყო, 6 წლის შვილი დარჩა, მეორე, თეონა ბუკია, ახალი რძალია, 19 წლის იყო. 3 თვის ფეხმძიმე ყოფილა, საცოდავი...
მდინარე ტეხურაზე გასაგრილებლად წასულან. რიტას, უფროს რძალს, შვილმა სთხოვა თურმე მდინარეზე წავიდეთო. იმ ადგილას, სადაც საბანაოდ ჩასულან, მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ძალიან ჩქარი დინებაა და ცივია... თეონას დედაც ახლდათ თურმე... პატარას ფეხზე ხავსი გამოედო, წაბორძიკებულა და წყალში ჩავარდნილა.
დედას ბავშვი სამშვიდობოს ამოუყვანია, მაგრამ თავად წაბორძიკებულა და წაქცეულა საცოდავი... ეტყობა, გამოსვლა გაუჭირდა, რადგან ძლიერი დინებაა და თეონა ჩასულა, მოგეშველებიო. იმ ადგილას კი მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ცოტა ქვემოთ, დაახლოებით, 100 მეტრში, უკვე ღრმა არის, ეტყობა, ჩაითრია და ვეღარ ამოვიდნენ თურმე...
ამ ყველაფერს თეონას დედა შეესწრო თურმე, რომელიც ბავშვს აკავებდა, რადგან ისიც ცდილობდა თურმე წყალში ჩაცვენილი ქალების დახმარებას. შორიახლოს მეზობელი თენგიზ ჯანღავა თევზაობდა და იმას გაუგია კივილი, კი ჩავარდნილა წყალში, მაგრამ უკვე გვიანი ყოფილა...
მეზობლები ყვებოდნენ, ახლაც ყურებში გვიდგას, შიშისგან ლამის ჭკუიდან გადასული ქალისა და ბავშვის კივილიო. მის ტირილზე მოვარდნილან ახლო-მახლოს მყოფნი და სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, მაგრამ რას უშველიდნენ...“ - იხსენებს სოფლის რწმუნებული, ნუკრი ჯანჯღავა.
http://www.kvirispalitra.ge/public/22331-qrdzlis-gadasarchenad-chavida-tsyalshi-da-orive-daikhrchoq-shemzaravi-tragedia-senakshi.html