
30 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ შეიმუშავა მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე, სადაც გადაწყვეტილია მასწავლებლის სახლის მშენებლობა, ადრე განთავსებული იყო ქალაქის საკათედრო ტაძარი და სასაფლაო, ამიტომ იქ „ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი სახის საერო დაწესებულების განთავსება“.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას განცხადებით, მასწავლებლის სახლისთვის ალტერნატიული ფართის მოძიების გარდა, ეპარქიას სამინისტროსადმი აქვს აღნიშნული მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემის თხოვნაც. მისი თქმით, იმ ადგილზე ისევ ეკლესია უნდა აშენდეს.
„იქ გაუგებრობა მოხდა. სამინისტრო არ იყო საქმის კურსში, რომ იქ ნაეკლესიარია. ეს პრობლემა მოგვარებადია, იმიტომ, რომ ჩვენც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მშენებლობა სხვაგან გაიმართებაო. იქ ეკლესია იყო და ეკლესია უნდა აშენდეს“, - განუცხადა „ლაივპრესს“ დეკანოზმა.
ამასთან, მალხაზ ჭანტურიას თქმით, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე1000 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხი განიხილებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, 2006 წელს, თუმცა შეთანხმება მაშინ ვერ შედგა:
„ეკლესია ყოველთვის აყენებდა ამ საკითხს და ამაზე იყო დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ის არ უსმენდა ეკლესიას. ჩვენ ეს საკითხები განათლების სამინისტროს ახლა გავაცანით და იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება“.
"ლაივპრესის" მიხედვით