
ანაკლიაში აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი კაზანტიპის ფესტივალის ანალოგიური ფესტივალის „რელობის ალტერნატიული რეალობის“ ჩატარების დეტალებზე ზუგდიდში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა და შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა.
გიორგი სიგუასთან შეხვედრას ზუგდიდის ინტელიგენციისა და კულტურული სფეროს მუშაკები ესწრებოდნენ და ფესტივალის დეტალებით დაინტერესდნენ. ერთერთმა ქალბატონმა ფესტივალთან დაკავშირებით სასულიერო პირების მხრიდან გამოთქმული უარყოფითი მოსაზრებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, ანაკლიაში გარყვნილებისა და აღვირახსნილობის სცენებია მოსალოდნელი, რაზეც გიორგი სიგუამ უპასუხა:
„მორალი და ეთიკა ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა, კანონმდებლობის დარღვევა ყველა შემთხვევაში და ყველგან დარღვევაა და ამას, ცხადია, არ დავუშვებთ. რაც შეეხება, სექსი პლაჟზე შენ რაიმე სასწაული გგონია? გქონია სექსი პლაჟზე?“, - მიმართა სიგუამ შეკითხვის ავტორს, რაზედაც უარყოფითი პასუხი მიიღო (ვიდეოს ქრონომეტრაჟი 5:44).
მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ აღვირახსნილი ქმედება სახალხო შეკრების ადგილას, ეს დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით, და ბუნებრივია, ამას არც ორგანიზატორები და არც ჩვენ არ მივესალმებით. რასაკვირველია, იქნება შეზღუდვა“, - თქვა გიორგი სიგუამ.