
მოძრაობა "2 ივნისი" საქართველოს პრემიერმინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიერ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემაზე გაკეთებული არაკონსტრუქციული და აგრესიული, არაკომპეტენტური და რეპრესიების წამქეზებელი განცხადებების საპასუხოდ, აგრძელებს საპროტესტო აქტივობას.
"2 ივნისის" განცხადებაში ნათქვამია:
"მხარდამჭერებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რათა დეკრიმინალიზაციის თემატიკა შენარჩუნებული იქნას საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში და ყველა ღონეს ვიხმართ პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შესატანად, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის კოდექსით მოქალაქეებს აღარ დეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფის და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარებასა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვაზე, ხოლო ადმინისტრაციულ კოდექსში განისაზღვრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კანაფის და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარებისთვის დაკისრებადი გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა;
ამისთვის მზადების პროცესში პოზიციების შესაჯერებლად ვაწარმოებთ შეხვედრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან;
ხელს შევუწყობთ მოქმედი ნარკოკანონმდებლობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეების მოძიებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. აქტიურად ვიქნებით ჩართული მათ მხარდამჭერ საქმიანობაში;
მოვაწყობთ აქციებს დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგე ხელისუფლების წარმომადგენელთა კონკრეტული ქმედებებისა და განცხადებების გასაპროტესტებლად;
მხარს დავუჭერთ დეკრიმინალიზაციის თემატიკით დაინტერესებულ არტისტებს;
ვაწარმოებთ დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერ კამპანიებს სოციალურ ქსელებში;
მოვახდენთ მედიის წარმომადგენელთა სტიმულირებას დეკრიმინალიზაციის თემაზე გადაცემების, სიუჟეტებისა და სტატიების შესაქმნელად;
გადავიღებთ და გავავრცელებთ ვიდეორგოლებს დეკრიმინალიზაციის მომხრე წარმატებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებების მონაწილეობით;
განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას დეკრიმინალიზაციის არსის და მისი საჭიროების შესახებ;
შემოდგომაზე, პარლამენტის მუშაობის განახლებასთან ერთად, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩავატარებთ მასშტაბურ აქციას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების მოთხოვნით.
კანონმდებლობა, რომელიც უარყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არ პასუხობს ცივილიზაციის თანამედროვე გამოწვევებს და არის ყველა მახასიათებლით არაჰუმანური, შეუძლებელია არ აღელვებდეს ჩვენი ქვეყნაში მცხოვრებ ყველა თავისუფლებისმოყვარე და კულტურულ ადამიანს.
გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები დაკანონებული ბოროტებისგან, მოვითხოვოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. ერთად შევცვალოთ უსამართლო ნარკოკანონმდებლობა!"