-
2014-06-06 07:44
"ქართული ლუდის კომპანიის" ორგანიზებით, თბილისში გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მათეუსმა ლუდსახარში "ზედაზენი" დაათვალიერა და ქართული ლუდის წარმოებას ადგილზე გაეცნო.
ამასთან, Konig Pilsener-ის ინიციატივით, კომპანიაში ხელი მოეწერა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ფანკლუბის დაფუძნებას საქართველოში, რომლის საპატიო პრეზიდენტიც სწორედ ლოთარ მათეუსი იქნება.
"ჩემთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის პრეზიდენტი ვარ. რაც შეეხება ლუდს, უკვე დავაგემოვნე და ძალიან კარგი გემო აქვს, ძალიან მომეწონა. შესანიშნავი ქარხანაა. სიურპრიზი იყო ჩემთვის, როდესაც ასეთი ხარისხის კომპანია ვნახე.
მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ გერმანია, როგორც ყოველთვის, ფავორიტებს შორის არის, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ არგენტინა გაიმარჯვებს.
რა თქმა უნდა, საქართველო გაიმარჯვებდა, რომ მონაწილეობდეს, მაგრამ ეს ასე არ არის", - განაცხადა ლოთარ მათეუსმა.
მასთან ერთად კომპანიაში საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგიც იმყოფებოდა. "ზედაზენის" წარმომადგენლებმა სტუმრებს კომპანია დაათვალიერებინეს. მათთან ერთად კომპანიის მფლობელი ცეზარ ჩოჩელიც იმყოფებოდა.
"Konig Pilsener-ი უკვე წელიწადზე მეტია, რაც იწარმოება ლუდსახარშ "ზედაზენში", რომელიც პირველი კლასის მსოფლიო დონის ლუდია. ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გავიჩინეთ და სწორედ მათთვის და არა მარტო მათთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის გაკეთდა ეს საჩუქარი.
ჩვენს ლუდებს რეკლამა არ აკლია. ეს, უბრალოდ, საჩუქარი იყო", - აღნიშნა კომპანიის კომერციული სამსახურის უფროსმა კახა პაიჭაძემ.
ლოთარ მათეუსის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო სკოლებში.

