-
2020-04-07 17:35
სოფლის მეურნეობის მინისტრმა პურის ფასის შესაძლო გაზრდაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ეს გამორიცხულია.
„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ, როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნეს-ოპერატორების მიმართაც. აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, იმიტომ რომ ამის ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებით მოვლენა ერთი მხრივ და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული“, - აღნიშნა მინისტრმა.