
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში კორონავირუსის ისეთი შემთხვევა გამოვლინდეს, როდესაც ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს. TV პირველის ეთერში ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო.
"ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ანუ საიდან მოხდა, ამ ადამიანის დაინფიცირება. ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. დღესაც ზოგიერთი კონტაქტი, ამ პაციენტთან დაკავშირებული ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა", — განაცხადა გამყრელიძემ.