
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 29 დეკემბერს აქცი-პერფორმანსს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ და შვილმა განაცხადეს.
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა პრემიერთან გამართული შეხვედრის შესახებაც
ისაუბრა.
„ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს.
„ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები გაერთიანდებიან. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით - ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ პრობლემის მნიშვნელობას და აქტუალურობას“, - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.
„29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ 2020, 21 და მომდევნო წლებში. მისია მარტივია - დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან“, - განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.