-
2016-02-08 01:29
მოძრაობა "დააპურე საქართველოს" ინიციატორი დავით გაჩეჩილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვანდალებმა პეკინის ქუჩაზე განთავსებული "მადლიანი მაგიდა", სადაც საკვები ნებისმიერ მსურველს მიჰქონდა, დაარბიეს.
"დაახლოებით საღამოს რვა საათზე ვანდალებმა დაარბიეს ჩვენი "მადლიანი მაგიდა", ჩამოხიეს ბანერი და როცა მოვედით, აქ არაფერი დაგვხვდა", - ამბობს ის და აცხადებს, რომ მოხდარის გამო საპატრულო პოლიციას უკვე მიმართეს.
"მესმის, რომ მადლიანი საქმის კეთება გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ხვალ აქ ახალი მაგიდა დაიდგმება. მოძრაობა "დააპურე საქართველო" არის ის კაუჩუკის ბურთი, რომელსაც რაც უფრო მაგრად დაანარცხებ მიწაზე, მით უფრო მაღლა აიჭრება", - ამბობს დავით გაჩეჩილაძე. მისთვის უცნობია ვანდალთა მოქმედების მოტივი და მათი ვინაობა.
პოეტისა და ქველმოქმედის დათო გაჩეჩილაძის მიერ პეკინის ქუჩაზე დაწყებულმა აქციამ "ვისაც შია, შეარგოს!" დიდი გამოხმაურება ჰპოვა ინტერნეტსივრცეში: პეკინის ქუჩაზე მდგარ მადლიან მაგიდას საკვებს სახვა მოქალაქეებიც აწვდიდნენ. აქციის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში, მომზადდა სიუჟეტები.


