-
2015-08-26 11:54
ბათუმსა და ფოთში შტორმმა და ქარმა, გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა მოსახლეობაში. დაიტბორა ბათუმის ცენტრალური ქუჩები, რკინიგზის სადგური, განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო ჭაობის დასახლებაში. სახლების პირველი სართულები დაიტბორა ფოთშიც.
ბათუმში დატბორილია ჭაობის და ბარცხანის დასახლებები, ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, 26 მაისის, ლერმონტოვის, რუსთაველის, შაუმიანის, გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, ბაგრატიონის და მელიქიშვილის ქუჩები.
წყლის ნაკადმა ზოგიერთ უბანში 40 სანტიმეტრს მიაღწია. სამაშველო სამსახურებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მამქანები მთელი ღამის განმავლობაში გამოჰყავდათ.
ბათუმისთვის მიყენებული ზარალის დათვლა დღესვე უნდა დაიწყოს. სპეციალურ კომისიას საბოლოო მონაცემები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ექნება. მანამდე კი ადგილორივი მოსახლოების ნაწილი მათ სახლებში შესული წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობს. ზოგან მოსახლეობა ჩივის, რომ სამაშველო სამსახურები მათთან მისვლაზე უარს აცხადებენ ეკიპაჟების ნაკლებობის გამო.
რაც შეეხება ფოთს, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. წყალმა მოსახლეობა დააზარალა. წვიმის შედეგად დაგროვილი და მოვარდნილი წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევარდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
საათზე მეტხანს ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რის გამოც ფოთში არსებული 7 სატუმბი სადგურიდან 2 გაითიშა.