
უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს 20, ხოლო ალექსანდრე კოლჩენკოს 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა შეუფარდა ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ, რომლის სხდომა დონის როსტოვში გაიმართა. სხდომა ღია იყო.
სენცოვსა და კოლჩენკოს ყირიმის ნახევარკუნძულზე ტერორისტული საქმიანობა დასდეს ბრალად. ამასთან, სენცოვს ორი ტერაქტის მოწყობა და იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო გადატანა ედება ბრალად, ხოლო კოლჩენკოს ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.
განაჩენის გამოცხადებისას სენცოვმა და კოლჩენკომ უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს.
განაჩენის გამოცხადებას მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა დასავლეთი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარს "სასამართლოს შეცდომა" უწოდა. სახ. დეპ-ის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი ბრალდების შედეგია და დაკავშირებულია საქმის ფიგურანტების პოლიტიკურ პოზიციასთან. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები. ამის შესახებ ფედერიკო მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი.