
ბათუმში, სანაპიროზე ოთხბალიანი შტორმია, რაც გადაუღებელი წვიმითაა გამოწვეული. ამის გარდა, დატბორილია ბათუმის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, მოსახლეობა და სამაშველო სამსახურები ერთობლივად ეწინააღმდეგებიან სტიქიის შემოტევას. გადაუღებლად წვიმს ფოთშიც.
ბათუმში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შტორმის მიუხედავად, გამართულად მუშაობენ სატუმბი სადგურები:
„დღეს შეგვექმნა რთული მდგომარეობა, დღის ბოლოს ნალექის რაოდენობა უხვი მოცულობით მოვიდა, ხახული მეჯინის წყალი ამ ეტაპზე უკვე 80 პროცენტით იქნა გაწმენდილი. მიუხედავათ 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ე.წ. არდაგანის არხები ყველა მოქმედია და გახსნილი, არხების გადინებით პრობლემა არ დგას მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.
ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძე და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, ეს არის მაიაკოვსკის ქუჩის ბოლო მანთაშევის გადასავლელამდე,
სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ ელექტრო ენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად.დავიწყებთ ყველგან ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენთ ხელთ არსებული ტექნიკა რაც გაგვაჩნია ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჟებიც ჩამოვლენ. ძირითადი პრობლება ჭაობის დასახლებაშია სადაც ახლა კეთდება სანიაღვრე სარეაბილიტაციო სამუშაოები.“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფოტში დატბორილია ცენტრალური ქუჩები. წვიმის შედეგად დაგროვილი და მოვარდნილი წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევარდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. საათზე მეტხანს ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რის გამოც, ფოთში არსებული 7 სატუმბი სადგურიდან 2 გაითიშა. ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და სატუმბებიც გამართულად მუშაობს.
ძლიერი წვიმის შედეგად სამეგრელოში 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა, რის გამოც 11 სოფელი და ქალაქ ზუგდიდის ერთი ნაწილი ჩაბნელებულია. დენი გათიშულია ანაკლიის საკურორტო ზონაშიც, როგორც რუსთავი 2 კორესპონდენტი იუწყება, ელექტროგადამცემი ხაზი რამდენიმე ქვესადგურს ამარაგებდა, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად აღდგენითი სამუშაობის დაწყება ვერ ხერხდება.