
"რუსთავი-2"-ზე ხელისუფლების ზეწოლასა და რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობის გამორთვას ეხმიანება კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა". დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წარმომადგენლებმა ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.
ლაშა ფარულავას თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა მოახდინოს და მაშინ, როცა კომპანია გრაფიკის მიხედვით იხდიდა არსებულ დავალიანებას, რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა გამორთეს.
შეგახსენებთ, 19 აგვისტოს რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა შეაჩერეს და სიგნალი გამორთეს. მიზეზი არსებული დავალიანებიდან დარჩენილი 30%, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაფარულიყო. კოალიციის წარმომადგენლებმა ეს ხელშეკრულებაც წარმოადგინეს.