
მერაბ კოსტავას საზოგადოება თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოხატოს საკუთარი საზრისი ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ირგვლივ შექმნილ არც თუ მარტივ გარემოებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ მოვლენების განვითარებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, ჩვენ განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ ოკუპანტ რუსეთის პრეზიდენტ ვ.პუტინთან ნ.ბურჯანაძის უკანასკნელი სტუმრობა, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მინიშნება, რომ ხსენებულ ქალბატონის სახით, ბ.ივანიშვილის შემცვლელიც გამოიძებნება. რომ ოკუპანტ რუსეთის პრეზიდენტ ვ.პუტინის მიერ ნ.ბურჯანაძის სახით ბ.ივანიშვილისათვის საპირწონეს შექმნა და მასთან დაკავშირებული მოვლენები, იქნებოდნენ ხიფათის შემცველნი. რომ ეს გარემოება, ჩვენგან მოითხოვდა საგანგებო დაკვირვებასა და წინდახედულობას, რათა ბ.ივანიშვილისა და ქოც.ხელისუფლების პოლიტიკიდან წასვლის მოსურნეთ, ხელთ „გაბიძინებული“ ნ.ბურჯანაძე არ შერჩენოდათ.
ჩვენეული ვარაუდის საფუძვლიანობის დასტურად, შეგახსენებთ უკანასკნელ ხანს ნ.ბურჯანაძის მიერ ბ.ივანიშვილისა და მთავრობის მისამართით უხეში ფორმით გაკეთებულ განცხადება - დირექტივებს, რომლებიც თავის შინაარსით, სხვა არაფერია, თუ არა მოწოდებანი, მიმართულნი ერთიანი ნაც.მოძრაობისა და მასთან კავშირში ეჭვმიტანილ ნებისმიერ უწყების გასანადგურებლად. სწორედ ნ.ბურჯანაძის ხსენებულ განცხადება - დირექტივების პასუხად, ხელისუფლებამ იერიში მიიტანა ტელეკომპანია რუსთავი 2 -ზე, ხოლო სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალების ოფისს მიუსია.
ხელისუფლების ამ შეუნიღბავმა ქმედებამ, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელ ნ.გვარამიას ათქმევინა - „ეს არ არის ქიბარ ხალვშის ხელწერა, ეს არის ხელისუფლების ხელწერა.“ ჩვენი მხრივ დავსძენთ, რომ ეს საქართველოს დაუძინებელ მტრის - რუსეთის ხელწერაა: სამკვდროდ აპირისპირებს რა ძალაუფლების შენარჩუნების მოსურნე ბ.ივანიშვილსა და ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელ ჟინით შეპყრობილ ნ.ბურჯანაძეს, ოკუპანტი მხოლოდ თავად ნახულობს სარგებელს.
გაიხსენეთ ზ.გამსახურდიასა და ე.შევარდნაძის, იმავე რუსეთის მიერ ინსპირირებულ დაპირისპირების შედეგი - СНГ - ში საქართველოს გაწევრიანება და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუხანათური მკვლელობა! ვითვალისწინებთ რა ჩვენ მიერ მითითებულ და სხვა უამრავ ფაქტს, ოკუპანტ რუსეთის ხელისუფლების მუხანათობისა, დაბეჯითებით მოვუწოდებთ ბ.ივანიშვილსა და ნ.ბურჯანაძეს, რაც უნდ ძნელი მოსათოკიც იყოს, დაიოკონ პირადი ამბიციები და იმოქმედონ მხოლოდ ქვეყნისა და ერის ინტერესებიდან.გამომდინარე.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში, მერაბ კოსტავას საზოგადოება სრულ უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და მის შრომით გუნდს. ხოლო საზოგადოებრიობას მოუწოდებს, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვეულებისამებრ, დაირაზმოს თავისუფალი მედიის დასაცავად!
მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე: ვაჟა ადამია