
ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე კიდევ ერთხელ ეხმიანება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ პროცესებს და წერს, რომ ქართველი ინტელექტუალები გასაჭირში აღმოჩნდნენ.
„ქართველ ინტელექტუალთა გასაჭირი!
რუსთავი 2-ის დევნის საკითხმა ქართველი ინტელექტუალები საგონებელში ჩააგდო. რაღაც საეჭვოდ დუმან. პაუზის აღების პრინციპით სარგებლობენ. ჯერ ათჯერ დაითვალეო, ესმით ბავშვობიდან. ამასობაში უკვე დააყადაღეს. სანამ ათამდე ავლენ, შეიძლება კიდევაც მიახურონ!
ორ ცეცხლს შორის იწვიან. ერთია მათი "იდეურ-პოლიტიკური დონე", რომლითაც სხვებისაგან ასე გამორჩეულად გრძნობენ თავს, და მეორე-კონკრეტული, რაღაცებთან თუ ვიღაცებთან ასოცირებული მაუწყებელი, რომელიც "მიკერძოებულია" და ამიტომ შეიძლება არ იმსახურებდეს მათი მაღალუჭკვიანესობების მხარდაჭერას.
"ის ხომ მიკერძოებულია"? აღმოხდა ერთ დროს რატომღაც ჭკვიანად მიჩნეულ კონკრეტულ ქალბატონს.
ეს ერთი პოზიციაა, რაც გამოიკვეთა.
მაგრამ რა ვუყოთ მათი ინტელექტბრენდულობის მთავარ ნიშანს, რომელსაც მკერდზე, გამოსაჩენად ატარებდნენ: ისინი ხომ გამოხატვის თავისუფლების მედროშენი არიან? უყვარდათ ხოლმე პოზირება:
"ო, ლარი ფლინტი, ცუდი პორნოგრაფისტი, ძალიან " მიკერძოებული", მაგრამ ასევე ძალიან საჭირო. დიადი საძაგელი. ეს ხომ მისი დამსახურებაა, რომ კიდევ უფრო გამყარდა დედამიწაზე გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიები?! ამ სასარგებლო გარყვნილმა დემოკრატიისა და ადამიანის თავისუფლების გაგება ხომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა?!"...
მაგრამ, რუსთავი 2 მაინც მიკერძოებული რომ არისო? ჩასძახის მეორე ხმა.
დიახ, რუსთავი 2 მიკერძოებულია, ისევე, როგორც ყველა სხვა. ის გამორჩეულად მიკერძოებულია და გამორჩეულად მაღალპროფესიული. იგი საკუთარი პოზიციის მატარებელია, სხვისგან განსხვავებულის, პირველ რიგში ხელისუფლებისგან განსხვავებულის. ის, ისევე როგორც სხვა მიკერძოებული მედიასაშუალებები, იცავენ საზოგადოებას ყველაზე საშიში მოძალადისაგან, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია! ( სახელმწიფო!ლევიათანი! როგორ აფრქვევდნენ ახლახან ანტიტოტლიტარულ გრძნობებს მსგავსი დასახელების ფილმის ნახვის შემდეგ?).
რუსთავი2-ის თემაზე აღებული პაუზა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მორალურ-პოლიტიკური დილემის საკითხი. აქ ინტერესთა საკითხიც იკვეთება. არსებობს ვალდებულებები. პრაგმატულიც, ფინანსურიც.
შეიძლება გული მარცხნივ გექაჩებოდეს და ჯიბე მარჯვნივ. სამწუხაროდ ასეა ყველგან ეს! ვის არ მოსვლია ეს!
ოღონდ რაც ჩვენთან ახლა ხდება და განსაკუთრებით რაც რუსთავი 2-ის კონტექსტში ხდება, უფრო დიდი და საშიში მოვლენაა, ვიდრე აქამდე გვინახავს. აქამდე საფრთხე იყო დიდი ძალაუფლება. ახლა საფრთხეა დიდი ფული და დიდი ძალაუფლება.
გეყოთ პაუზა, ინტელექტუალებო!
p.s. ბოლო სიტყვა რატომღაც არ ჩავსვი ბრჭყალებში“, - წერს რომან გოცირიძე.