
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ სხვა ადამიანების გახარება უნდა შეგვეძლოს.
"მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის – მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი", - აღნიშნა პატრიარქმა.
მან ასევე გაიხსენა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში დგას და მასთან ძალიან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
"მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან. ვისაც გყავთ მანქანები და ახლოს გაჩერდებით სხვა მანქანასთან, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა", - აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას. მან მრევლს ილიაობის დღესასწაული მიულოცა.