
"...ძალიან გთხოვთ ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების "წყალობით" ვართ ჩვენ. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ", - ასეთი პასუხი გასცა დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედები, რომლებსაც მინისტრი შეხვდა, კომპენსაციების გაცემას ითხოვდნენ, რაზეც ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის, საჭიროა კანონში ცვლილებები და ის ამ კანონს ვერ დარღვევს.
ერთი-ერთი დაღუპული ჯარისკაცის დედამ ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა უყურადღებობაში დაანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი თანამდებობზე მათი დაღუპული შვილების წყალობით მოხვდნენ.
ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში თავდაცვის მინისტრთან შეხვედარზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედები მთავრობის მისამართით შენიშვნებს ძირითადად, კომპენსაციის გაუცემლობის გამო გამოთქვმდნენ. მათი განმარტებით, სახელმწიფომ ისინი დაივიწყა:
"მოდის აგვისტო და არავინ გვეკითხება, გვშია, გვწყურია, ვარსებობთ თუ რას ვშვებით. ყურადღებას არავინ გვაქცევს, როცა ჩვენი ბიჭები ქვეყანას შევწირეთ", - განაცხადეს მინისტრთან შეხვედრის დროს.
დაღუპული ჯარისკაცების დედების საყვედურები მინისტრმა არ გაიზიარა და განუმარტა, რომ მათთან კომუნიკაცია მთავრობას არასოდეს გაუწყვეტია.
"ზუსტად იმისთვის, რომ თქვენ მოგისმინოთ და მოგიკითხოთ არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ სისტემატიურად, ადამიანი დავნიშნე სამინისტროში, რომელიც ამ ყველაფერს უხელმძღვანელებს, მაგრამ თქვენ თუ არ ისაუბრებთ მათთან პრობლემებზე, ჩვენ ეს არ დაგვესიზმრება. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ", - აღნიშნა ხიდაშელმა.