
სოსო ჯაჭვლიანს, პარლამენტის სხდომაზე მისი დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, თანაგუნდელები და თანამოაზრეებიც აკრიტიკებენ. საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, მანანა კობახიძე წუხს, რომ სოსო ჯაჭვლიანის შეჩერება ვერ შეძლო, ხოლო პრემიერმინისტრის თანაშემწე წერს, რომ ჯაჭვლიანის გამოსვლის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის გამოსვლას „ფეისბუქზე“ ეხმიანება: "ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს ....პირიქით, მავალდებულებს კიდეც...
მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება( თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას).
ვწუხვარ, რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა, ვერ შევძელი მისი შეჩერება, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით, დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!"– წერს მანანა კობახიძე.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე კი წერს:
"იმიტომ არ ვწერ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ან რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ, აღშფოთებას ვერ ვმალავ სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო და სულ არ მეცინება !
მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადების გამო, მე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლმა და თუნდაც როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, საოცრად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
დიდი იმედი მაქვს, რომ იგი გაათვითცნობიერებს მისი გამოსვლის შინაარს და სულ მცირე ბოდიშს მაინც მოუხდის ამომრჩეველს."