
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართველი ჟურნალისტების მიერ ბანერის "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი"დემონტაჟს და გადაგდებას რუსული პოლიტიკის ხელშეწყობას უწოდებს.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაბიჯი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, რომ საფრთხეში არ ჩაიგდონ თავიც და იქ, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობაც. ბანერის ამოღება, თავისთავად, ომის მოგება არ არის. ამ ახალგაზრდებმა, შესაძლოა, ეს ემოციურად და გულწრფელად გააკეთეს, მაგრამ ეს მაინც არის რუსულ პროვოკაციაზე წამოგება და რუსული პოლიტიკის ხელშეწყობა. ანუ სწორედ ეს - პროვოკაციაზე წამოგება სურდა რუსეთს, რათა მისთვის სასურველი რეაგირება მოახდინოს, ეს კი სიტუაციის ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხეს შეიცავს", - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო "პირWელს" თემის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. მცოცავი ანექსია სოფელ ხურვალეთში გააპროტესტეს და ორჭოსანთან დამონტაჟებული ბანერი წარწერით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი" ამოიღეს და ხევში გადააგდეს.
სახელმწიფო მინისტრს აქციაზე მყოფი ჟურნალისტების სახელით ერთერთმა ორგანიზატორმა, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლაშა ბერულავამ უპასუხა:
"მანამდე მან თქვა, რომ ამ ბანერების აღმართვით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დარღვეულა. მასვე ეკუთვნის ძალიან ბევრი აბსურდული გამონათქვამი (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) - მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პირადად მე და, ალბათ, სხვა ჩემს კოლეგებსაც, დიდად არ გაგვკვირვებია მისი ეს პოზიცია.
ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები: ბატონი პაატა ამბობს, რომ ბანერის ამოღება, თავისთავად, ომის მოგებას არ ნიშნავს. ჩვენ არც გვაქვს ილუზია, რომ ომი მოვიგეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლება და მათ შორის პაატა ზაქარეიშვილიც, ვერ ხვდებიან, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან და ახალი ფორმატების ძიებით და ენის მოჩლექით აპირებენ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ასე ადვილად არ მოგვარდება, როგორც უკვე გვიჩვენა საპასუხო ქმედებებმა.
რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ აქციას, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ის არ შეიცავდა არანაირ საფრთხეს და არ იყო პროვოკაციული შინაარსის. მე მეტსაც გეტყვით, თბილისიდან ჩვენ არ წავსულვართ იმ განზრახვით, რომ ბანერი ამოგვეღო და სანაგვეზე გადაგვეგდო, ეს იყო კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მოქმედებით, ემოციით გამოწვეული მოქმედება, რომელიც ალბათ ექნებოდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ ის, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, ანუ ეს ბანერი აქამდეც უნდა მოეშორებინათ, ამოვიღეთ და გადავაგდეთ სანაგვეზე.
ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთი ბანერი, შეიძლება, მეორემ ჩაანაცვლოს, თუმცა ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალი იმისა, რომ ოკუპაციის კვალი წავშალოთ ყველგან, სადაც ეს მშვიდობიანი ფორმით არის შესაძლებელი, ჩვენ შევასრულეთ", - განაცხადა "პირველ რადიოსთან" ლაშა ბერულავამ.