
ოკუპაციის ზოლთან, სოფელ ორჭოსანთან, პირველი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ჟურნალისტებმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
სხვადასხვა მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული, ე.წ. საზღვრის მიმანიშნებელი ბანერი მიწიდან ამოთხარეს, ფეხქვეშ გათელეს და ხევში გადააგდეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს თავდაპირველად მიუთითეს, რომ ბანერი არ ამოეღოთ, თუმცა მას შემდეგ, რაც მასმედიელებმა ბანერის ამოღება დაიწყეს, მათთვის ხელი არ შეუშლიათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ვადა შემოდგომამდე მისცეს, რათა მოსავალი აიღონ, ხოლო შემდეგ აქაურობას არ გაეკარონ.
ჟურნალისტების აქცია "ფეისბუქზე" დაიგეგმა. მათი ტრანსპორტირება საოკუპაციო ზოლთან კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" უზრუნველყო.