
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სუპერთასის ფინალის 300 ცალი ბილეთის გადაცემა მოითხოვა. საკრებულოსგან ფედერაციაში ოფიციალური წერილი გაიგზავნა, რომელიც ნიკა მელიამ მოიპოვა და გამოაქვეყნა.
წერილის გამოქვეყნებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საკრებულოს მისამართით. "ხალხი სამი დღეა, რიგში ათენებს და ესენი 300 ბილეთის მირთმევას ითხოვენ", - წერენ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
"არამხოლოდ საკრებულოსგან [მივიღეთ წერილი], თქვენ შეგიძლიათ გადაითვალოთ რამდენი უწყება და დაწესებულება არსებობს ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველასგან არის მსგავსი თხოვნა შემოსული. არამხოლოდ სამინისტროებისგან, კერძო უწყებებიდან, სამთავრობო დაწესებულებებიდან, მათ შორის საკრებულოსგანაც", - ამბობს ეკა ელოშვილი ფეხბურთის ფედერაციიდან, "ნეტგაზეთთან" საუბარში.
სულ დინამო არენა, სადაც ბარსელონა სევილიას საფეხბურთო მატჩი გაიმართება 11 აგვისტოს 51 ათას ადამიანს იტევს, VIP ლოჟების ჩათვლით. 30 ათასი ბილეთი სფფ-მ გულშემატკივრებზე გაყიდა. ადამიანების ამისათვის რამდენიმე დღის განმავლობაში იდგნენ ფიზიკურ თუ ონლაინ რიგში. 3 ათას - 3 ათასი ბილეთი სფფ-ს ცნობით ბარსელონასა და სევილიას ფანკლუბებს გადაეცათ. რჩება 15 ათასი ადგილი.
"იმდენი ბილეთი რომ გაიცეს, რამდენიც იმ წერილებშია მოთხოვნილი, დინამო-არენას [51 ათასი ადგილი] არ გვყოფნის. ძალიან ბევრი მოთხოვნაა. მე როგორც ვიცი, აბსოლუტურად ყველა უწყებისგან შემოვიდა წერილი", - ამბობს ელოშვილი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გადაწყვეტს, რომელ უწყებას რამდენი ბილეთი გადაეცემა, იგი ამბობს:
"უეფამ ეს ამბავი თვითონ გადაიბარა. ჩვენ უბრალოდ გვევალება შემოსული წერილების აღრიცხვა და ამ ყველაფრის უეფაში გადაგზავნა. რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ შევადგინეთ საერთო სია, რომ ამდენ ბილეთზეა მოთხოვნა... უეფასგან პასუხი სავარაუდოდ თვის ბოლომდე არ იქნება".
მანამ სანამ ბილეთები გაიყიდებოდა, უეფაც და ფეხბურთის ფედერაციაც აცხადებდნენ, რომ ბილეთები კორპორატიული წესით არ უნდაგაყიდულიყო, თუმცა ახლა როგორც ირკვევა, ეს პრინციპი შეიცვალა. რატომ? - ეკა ელოშვილი ამბობს:
"პრაქტიკაში უეფას ღონისძიებებზე და მსგავს ტურნირებზე, ასეთი ვრცელი და უკიდეგანო რაოდენობის ბილეთების გაცემა არ ხდება ხოლმე. მაგრამ ის მოსაწვევები, რომლითაც შენ პატიჟებ საქართველოს შემთხვევაში მთავრობას, საპატიო სტუმრებს ამას ჰქვია ქომპლიმენტარი კატეგორია, ჩვენ ვთხოვეთ [უეფას], რომ ეს კატეგორია ფიზიკურად არ ეყოფა არავის და იქნებ მოხდეს ისე, რომ დამატებითი კვოტები გამოიყოს. მაშინ გადაწყდა, რომ ყოფილიყო კორპორატიული გაყიდვები. უეფამ თქვა, რომ მიიღეთ ეს წერილები და გადმოაგზავნეთ", - ამბობს ელოშვილი.
"ნეტგაზეთის" მიხედვით