
"საერთო გაზეთის" არქივში, ერთერთ სტატიაში დაცულია წერილი, რომელიც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ამბებს აღწერს და, როგორც რედაქცია წერს, მათ საქართველოს სსრ რელიგიური საბჭოს წევრმა გადასცა.
“საერთო გაზეთმა” ქართლის ერთ სოფელში 74 წლის მთავარეპისკოპოსის მეუფე ილარიონს მიაკვლია, რომელიც პატრიარქ დავით მეხუთის ანდერძის თანახმად, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად უნდა ეკურთხებინათ.
თუ ვინმემ არ გითხრა, ძნელია დაიჯერო, რომ ეს მოხუცი კაცი, რომელიც ქართლის ერთ სოფელში ფარღალალა ქოხში მარტო ცხოვრობს, მთავარეპისკოპოსია და პატრიარქ დავით V-ის ანდერძით, მისი სიკვდილის შემდეგ პატრიარქად სწორედ ის უნდა ეკურთხებინათ.
ზის თავისი ქოხის წინ, თხელი მაისური, სპორტული შარვალი და ვალინკები აცვია. მუნჯი არ არისო, ამბობენ სოფლელები, მოწამვლის შემდეგ არ ლაპარაკობს, სულ დუმს, ჟესტებით მპასუხობს, ან დაფაზე თითებით გამოჰყავს ასოები და ასე გაგებინებს სათქმელს. საოცარი თვალები აქვს, თითქოს ვარსკვლავები უზის გუგებში და რომ შემოგხედავს, სიკეთეს და სიყვარულს გასხივებს…
მთავარეპისკოპოს მეუფე ილარიონ სამხარაძის ნახვა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გადმოგვცა:
"1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.
1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა.
პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.
ასე იყო თუ ისე, 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია II პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ II-ის დროს.
დავით V-ის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.
მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას.
მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები. კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია II ნათესავი, - "საერთო გაზეთი".)და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა".
წყარო: "საერთო გაზეთი".