
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. თეთრაძის საქმის სასამართლო პროცესებზე, რომელიც ღიაა, არ არსებობს არცერთი მოწმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. ამასთან, ანი ნადარეიშვილი მოითხოვს, მოეხსნას გრიფი საიდუმლო საქმეს "ჯაშუშები" და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.
"მივმართავ მთელ საქართველოს, მთელ საზოგადოებას, აბსოლუტურად ყველას, ასეთს თუ ისეთს, არააქვს მნიშვნელობა! ვინც აპირებთ მომავალში ისპეკულიროთ "თეთრაძის ე.წ. წამების" თემით, გთავაზობთ იაროთ სასამართლოზე, რომელიც არის საჯარო! წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივიღებ არც ერთი ადამიანის საწინააღმდეგო აზრს, იმიტომ რომ ეს ჭორაობები უკვე ყველა ზღვარს გადაცდა!!!
"ასევე მივმართავ Imedi TV -ს, რომელიც არის დეზინფორმატორი, შეგნებულად ავრცელებს ტყუილებს და ყველა მათი სიუჟეტი არის მიკერძოებული და ტენდენციური - გაუშვით ეს სასამართლო პროცესები (რუსეთის ჯაშუშები vs ბაჩო ახალაია) მთლიანად თავიდან ბოლომდე უწყვეტად პირდაპირ ეთერში!!! რათა თქვენმა მაყურებელმა ნახოს სიმართლე! ნახოს საზოგადოებამ უპრეცედენტო საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება და არც ერთი მოწმე არ არსებობს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ - ა რ ც ე რ თ ი!!!
და ბოლოს, მოვითხოვ მოეხსნას გრიფი საიდუმლო საქმეს "ჯაშუშები" და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულირება ამ თემაზე, და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს საზოგადოებამ ვინ იყვნენ ჩაპლიგინი,თეთრაძე, ლონდარიძე, გორელაშვილი, ტომაშუკი და სხვები..."
შეგახსენებთ, სერგო თეთრაძის საქმის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა, სადაც ჩართული იყო თეთრაძის წამების მონაწილე პატიმრის, ასევე ახალაიასა და თეთრაძის ადვოკატების პოზიცია, ამავე დროს, გამოყენებული იყო "იმედისთვის" ექსკლუზიურად ბაჩო ახალაიას მიერ გამოგზავნილი პასუხები ციხიდან, თუმცა, ანი ნადარეიშვილმა გადაცემის მსვლელობაშივე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ გადაცემაში ბაჩო ახალაიას პასუხები სრულად და გარკვევით არ იყო წარმოჩენილი.