
„იმედის კვირაში“, ბელა ზაქაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში სერგო თეთრაძის საქმის ახალ დეტალებზე გამახვილდა ყურადღება. ამ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტში მოიყვანეს როგორც სერგო თეთრაძის წამების მონაწილე პატიმრის, ასევე, ექსკლუზიურად „იმედისთვის“ ბაჩო ახალაიას მიერ გაცემული პასუხები, თუმცა, როგორც ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს, ბაჩო ახალაიასთვის შეგზავნილ კითხვებზე პასუხები ეთერში არ გაუშვეს.
ბელა ზაქაიძის სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების მიხედვით სერგო თეთრაძემ გარდაცვალებამდე ავოკატს უთხრა, რომ ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ უშუალოდ, „ცელოფნის პარკების“ გამოყენებით“ აწამეს. ეს ჩვენება საქმეში დევს, თუმცა, სასამართლომ ირიბ მტკიცებულებად მიიჩნია.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამტკიცებს, რომ სერგო თეთრაძე არა წამების, არამედ გულის შეტევის გამო გარდაიცვალა. საქმეში დევს მონაცემი, რომ 2010 წელს თეთრაძეს გული აწუხებდა და კარდიოლოგთან ვიზიტზე იყო მისული. ველიჯანაშვილის თქმით, არსებობს ასევე ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სერგო თერაძეზე სექსუალური ძალადობა არ მომხდარა.
ამასვე ამტკიცებს თავად ბაჩო ახალაია: მისი თქმით, გასაკვირია, რატომ აბრალებენ ადამიანს იმ შეურაცხყოფის გადატანას, რაც მისთვის სიცოცხლეში არავის მიუყენებია. ახალაია აცხადებს, რომ სწორედ სექსუალური ძალადობის არარსებობის გამო მოიგონეს ახალი გარემოებები, მაგალითად, „ცელოფნებით წამება“.
"იმედის კვირაში" ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ უკმაყოფილება "ფეისბუქზე" გამოთქვა ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა და წამყვანებს ინგა გრიგოლიასა და შალვა რამიშვილს მიმართა:
ეს მარაზმი როდის უნდა დაამთავროთ, ამდენი ტყუილი უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია. ვითანამშრომლეთ თქვენთან, მოგეცით უამრავი მასალა, მათ შორის როგორ მოხდა გარიგება ბედუკაძესა და პროკურატურას შორის, მოგეცით მასალა სადაც ფარული ჩანაწერებია და კარგად ჩანს როგორ არიგებენ მოწმეებს რა უნდა თქვან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ბაჩომ კონკრეტულად გაგცათ დაწვრილებით ყველა თქვენს მიერ შეგზავნილ კითხვაზე პასუხი, რაც არ გაუშვით, იმიტომ რომ არ გაწყობთ.
ის რომ ბაჩო ახალაიას მიესაჯა ბუნტის საქმეზე და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არის უდიდესი ტყუილი და ცილისწამება, ბუნტში ბაჩო გამართლდა და ნავთლუღის სპეცოპერაციაზე არც ქონია ბრალი არასოდეს წაყენებული ვინაიადან საერთოდ არ აქვს შეხება ამ საქმესთან. რატომ შეუგზავნეთ ბაჩოს კითხვები თუ პასუხების გაშვებას არ აპირებდით? თუ ის პასუხები რაც ბაჩომ გაგცათ არ გაწყობთ ეტყობა ხო?
პირდაპირ გეტყვით, თქვენ ახლა სხედხართ მანდ სტუდიაში და ჭორაობთ და ეს არის ამაზრზენი!!!
.პ.ს. შალვა რამიშვილი თქვენ ხართ ტუტუცი!!!", - დაწერა მან "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე.
შეგახსენებთ, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს პასუხისგებაში მიეცა სამ სხვა პირთან: დ.ლსთან, გ. გსთან და ს.ჩსთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით. (აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ყველა პირი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტპატიმრად და შესაბამისად 2012 წლის 12 იანვრის "ამნისტიის აქტის" საფუძველზე გათავისუფლებულია სასჯელისაგან).
ჯაშუშობაში ბრალდებული სერგო თეთრაძეს შეეფარდა პატიმრობა, რის საფუძველზე მოათავსეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა მოთავსებიდან მე-4 დღეს.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მარტში გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერი თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. ჩანაწერი გაკეთებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კერძოდ, 2013 წელს, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანი პატიმარს ირაკლი ღარიბაშვილის სახელით ელაპარაკება. ღარიბაშვილი იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ამ ბმულზე მოცემულია ჩანაწერის სტენოგრამული ვარიანტი. როგორც ირკვევა, პატიმარი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სერგო თეთრაძის საქმეზე ჩვენებას ვერ მისცემს, რადგან ის (ბაჩო) იქ საერთოდ არ ყოფილა, ამასთან, დეტალურად ჰყვება ფაქტებს და ასახელებს პირებსაც, ვინც სერგო თეთრაძის დაკავებაში მონაწილეობდნენ.
ამ ბმულზე "მაესტროზე" ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებული სიუჟეტია. ჩანაწერში ფიგურირებს ასევე „ბასტი“, ანუ ბორის ფარულავა, რომელზეც პატიმარი ჰყვება, როგორ აწამებდა ის პატიმრებს ვლადიმირ (ლადო) ბედუკაძესთან ერთად. ჩანაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის სკანდალური ფრაზა სერგო თეთრაძესთან დაკავშირებით, რომელიც ელისო კილაძემ „ფეისბუქზე“ მოიყვანა: „ვერ მოვასწარით - დაიბრიდა...“.
ამავე დროს, ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნდა ასევე ჩანაწერი, სადაც პროკურატურა ვლადიმირ ბედუკიძეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთავაზობს.