
გავრცელებული ინფორმაციით, „სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ინტერნეტში ჩართული ტელევიზორები ადვილად ისმინება და ურჩევს მნიშვნელოვან თემებზე ტელევიზორთან საუბრისგან თავი შეიკავონ.
უსაფრთხოების ექსპერტის, ბესო ალადაშვილის თქმით კი, მოსმენა მხოლოდ ტელევიზორით კი არა, უთოთიც შეიძლება.
„ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია კომპანია „სამსუნგის“ კონკურენტების მიერ არის გავრცელებული, რომ მოხდეს მოსახლეობაში აჟიოტაჟის შეტანა. ნებისმიერი ტელევიზორით შეიძლება განხორციელდეს მოსმენა, რომელიც ინტერნეტშია ჩართული.
წარმოიდგინეთ, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს „სამსუნგის“ ფირმას, რომ მოუსმინოს საქართველოში, კახეთში, ან იმერეთში ადამიანს? მე მგონი, არანაირი. ამ ტექნოლოგიის დამონტაჟება, ინფორმაციის მიღება ძვირი და ურთულესი საქმეა. ეს შეიძლება გაკეთდეს მიზნობრივად“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმ მომხმარებელს, რომელსაც აქვს სმარტ-ტელევიზორი, რომელიც ინტერნეტშია ჩართული და აქვს ეჭვი, რომ უსმენენ, შეუძლია მიმართოს ხელოსანს და თუ მასში მოსასმენი დეტალი აღმოჩნდება, მოხსნიან.
„ხმის მიმღები უნდა იყოს ყველა კორპუსთან და იწერდეს ინფორმაციას, თუ მასობრივად აქვს ტელევიზორებს ეს. რა უნდა ჩაიწერონ ტელევიზორთან? რა უნდა მოხდეს? თორემ უკანონობა არც ტელევიზორთან არ უნდა ჩაიდინო და არც ისე.
ამ წუთშიც ვუყურებ ამ სახეობის ტელევიზორს, მაგრამ საქართველოში რახან ყველაფერს მარტივად იჯერებენ, სჯობია, დაუზიანებლად გაახსნევინონ ხელოსანს. მოწყობილობა ისეთი პატარა არაა, რომ ვერ დაინახონ, ამიტომ მისი აღმოჩენა შესაძლებელია", - აცხადებს ალადაშვილი.
„ალია“