
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი თბილისში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდება და მასთან ერთად განიხილავს უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. ეს ჰეიგელის პირველი ვიზიტია საქართველოში პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში.
ინფორმაცია ჰეიგელის საქართველოში ვიზიტის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დღეს გაახმაურა, თუმცა, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ დასახელებულა.
პენტაგონის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო აშშ-ის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. „საქართველოს შეიარაღებული ძალები ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ფასეული პარტნიორები იყვნენ“, - აღნიშნა კირბიმ.
„საქართველო იზიარებს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და, რასაკვირველია, ეს საკითხი უმთავრესი იქნება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დროს“, - დაამატა მან.