
"საქართველო არანაირი სამხედრო ტექნიკით ბრძოლაში ჩართვას არ აპირებს... არ უნდა ვიქნეთ გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებიდან გალახულები გამოვდივართ ჩვენ",-საქართველოს ვიცე პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების შეჭრას გამოეხმაურა.
"ჩვენი მეგობარი ევროპელი ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რუსეთთან არ წავიდნენ ღია დაპირისპირებაზე. თუნდაც ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უკრაინას ევრაზიულ კავშირშიც შეუძლია გაწევრიანება. ამიტომ, ჩვენ, მთავრობა, საქართველო არ უნდა ვიქნეთ გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებიდან ისევ გალახულები გამოვდივართ ჩვენ", - განაცხადა კალაძემ.
ვიცეპრემიერ კახა კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებული აკვირდება და მოუწოდებს აერთაშორისო თანამეგობრობას მეტი გააკეთოს, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სტაბილური გახდეს მდგომარეობა.
"ჩვენი მხრიდან, როგორც ქვეყანა, მთავრობა, საქართველო, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმისთვის, რომ ის მოვლენები რომელიც დიდ ხანია ვითარდება, დასტაბილურდეს და მშვიდობა იყოს უკრაინაში",–აცხადებს კალაძე.