-
2014-08-29 11:51
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება - იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატო-ს უელსის სამიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა, რათა მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწია.