
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში იქაური ძალოვნებისთვის კონსულტაციის მისაცემად ჩასულ ქართველ ოფიცრებს თბილისში დაბრუნების შემდეგ კონტრდაზვერვაში იბარებენ და ტუქსავენ.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „კურიერში“ ჩართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ოფიცრებს აფრთხილებენ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის შეცვლის შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ:
„შეხედეთ უკრაინელებს, ჰკითხეთ, რას ამბობენ ისინი საქართველოზე, რას ამბობენ სააკაშვილზე. ამით უნდა იამაყოს ხელისუფლებამ, ის კი არ უნდა უთხრას უკრაინელებს, გამოყარეთ ქართველები იქედანო... მე ხომ არ ვლანძღავ აქ მთავრობას ან ვინმეს, რადგან ეს იქნება საქართველოს ლანძღვა და არ მინდა...
ის ოფიცრები, რომლებიც ჩადიან უკრაინაში და ეხმარებიან კონსულტაციებით იქაურებს, კონტრდაზვერვაში დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის შეცვლის შემთხვევაში. ეს ინფორმაცია ახლა გაუხარდებათ მოსკოვში და იტყვიან, აი რა კარგად ასრულებს ივანიშვილი ჩვენს დავალებასო, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ქართველებს უნდა გაუხარდეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.