
საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირას უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, უშიშროების საბჭოს მთავარი განსახილველი თემა უელსის სამიტისთვის მზადება იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთთან ურთიერთობის განხილვა ცალკე საკითხად არ იგეგმება, თუმცა უელსის სამიტის თემაში რუსეთიც მოიაზრება.
"ჩვენ ვემზადებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებისთვის. გადავდგით ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს, რომელიც იქნება ორიენტირებული და კონცენტრირებული სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმედია ერთსულოვნად, როგორც ეს იყო ასოცირების საკითხის დროს, მოვემზადებით უელსის სამიტისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოება იყოს თვისობრივად უკეთესი, მაღალ დონეზე და ნატომ აღიაროს ის წვლილი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ამ გზაზე. ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.
უშიშროების საბჭო მუშაობს, როგორც რუსეთის მიმართულებით, ანუ ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის მიმართულებით. საბჭოს სხდომა სპეციფიურად მიეძღვნება უელსის საკითხს, ამ თემების შემადგენელია რუსეთი,“– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.