
რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავით პატარაიამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცეს პრემიერმინისტრს, რათა მან ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
როგორც დავით პატარაიამ განაცხადა, პრეზიდენტი დღესვე გადაუგზავნის მთავრობას ამ შეთანხმებას და იმედი აქვს, რომ ეს კონსტიტუციური პროცედურა რამდენიმე დღეში დასრულდება. "ეს კეთდება იმისთვის, რათა არც დღეს და, რაც მთავარია, არც ხვალ არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით", - განაცხადა პატარაიამ.