-
2017-01-07 00:59
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს გათავისუფლებულ გიგი უგულავას ტერმინოლოგიის შერჩევა და ემოციებისგან დაცლა ურჩია ნიკა რურუამ მას შემდეგ, რაც ერთერთ კომენტარში თბილისი ყოფილმა მერმა ფრაზა "ბიბლიოთეკის უკონისტები" გამოიყენა.
„გიგი აღელვებულია და ემოციურ მდგომარეობაშია. იხმარა ძალიან არაკორექტული ტერმინი იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკლონისტები იყვნენ მცირე ჯგუფი კომუნისტურ პარტიაში და ამ ტერმინის ხმარება აბსოლუტურად უაზროა ამ შემთხვევაში. თუ მას ცივილურ ფორმებში სურს ურთიერთობის გარკვევა, ემოციებისგან დაიცალოს, დამშვიდდეს, ტერმინოლოგია შეარჩიოს“, - თქვა ნიკა რურუამ.
გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვდება ყველა ჯგუფს, მათ შორის, "ბიბლიოთეკის უკლონისტებს", თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა ტერმინ "უკლონისტებში":
"მე ვაპირებ, რა თქმა უნდა, შევხვდე მიშასაც, ჯერ დაველაპარაკები და მერე საშუალება როგორც კი მექნება, შევხვდები. ვაპირებ, ასევე, შევხვდე ყველა ჯგუფს, "ბიბლიოთეკის უკლონისტები" იქნებიან თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, აუცილებლად შევხვდები ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშას და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი (იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, ძალიან ღრმად არის პროცესები წასული), რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ, ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ (ჩემი პოზიცია ზოგადად ცნობილია, ორი ღია წერილიც გამოვაქვეყნე) და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავაკლებ", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, თბილისი სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გიგი უგულავას განაჩენში ცვლილება შევიდა და მისთვის პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განისაზღვრა.