
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მესამეა იმ ასამბლეათა შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება და სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუცია და დეკლარაცია.
ამის შესახებ პარლამენტის წევრი, ენმ-ს ერთერთი ლიდერი გია ბარამიძე წერს:
"ივანიშვილის გასაგონად და მთელი ქვეყნის საყურადღებოდ, ამ წუთას, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუცია და დეკლარაცია, სადაც საქართველოს მთავრობას ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციები (ახლა უკვე 3 საპარლამენტო ასამბლეა) მოუწოდებენ, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება და შერჩევითი სამართლის გამოყენება ოპოზიციის მიმართ და არ დაუშვას თავისუფალი მედიის შეზღუდვა.
არ მაქვს იმედი, რომ ივანიშვილს ისევე როგორც პუტინს, ეს რეზოლუციები აღელვებს და რამეს მართლა შეცვლის, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - წერს გიორგი ბარამიძე.