
"რეფორმატორების" სახელით გიორგი ჟამუტაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ:
"ხელისუფლებამ საქართველო შეიყვანა უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყნის არამხოლოდ დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ქვეყნის მომავალს, სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების იგნორირებით, არაკომპეტენტური მმართველობით, ბიძინა ივანიშვილის და რამოდენიმე ადამიანის პირადი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებებით, გამოაცალა საყრდენი კედლები.
მოსახლეობა უკიდურესად გაღარიბებულია, ბიზნესი სულს ღაფავს, ქვეყნის ეკონომიკა და ეროვნული ვალუტა რეალურად აღარ არსებობს; დღითიდღე ძლიერდება რუსული პროპაგანდა და რუსული ფულის შემოდინება სახელმწიფოში. შესაბამისად, მატულობს ქვეყნის უმთავრესი მტრისადმი ლოიალურად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა. პრაქტიკულად ვკარგავთ მეგობრებსა და მოკავშირეებს საერთაშორისო ველზე.
საქართველო თანდათან ქრება მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან, როგორც ეს სულ ახლახანს საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ და ეს მაშინ, როდესაც სწორედ რომ საქართველოზე, უკრაინაზე და მთლიანად ჩვენს რეგიონზე გადის მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ხაზები.
საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, ხურავს კრიტიკულად განწყობილ გადაცემებს სხვადასხვა ტელევიზიებში, ცდილობს დახურვამდე მიიყვანოს ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია - "რუსთავი 2".
ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არა თუ ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, არამედ პირიქით - ასამარებს იმ დემოკრატიულ მიღწევებს, რისი მოპოვებაც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მოახერხა საქართველომ და ემსახურება ძირითადად ერთი პიროვნების, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს!
დროა თითოეულმა ჩვენთაგანმა: პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, თვალი გავუსწოროთ არსებულ რეალობას და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონიერების ფარგლებში გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა საბოლოოდ დავასრულოთ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური, არაეროვნული ხელისუფლების მმართველობა!
ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჭეშმარიტად სუნთქავს ქართული, ევროპული ღირებულებებით და ურყევად, ყოველგვარი კითხვის ნიშნებისა და ყოყმანობის გარეშე ადგას დასავლურ ორიენტაციას და აღიარებს ევრო-ატლანტიკურ კურსის უალტერნატივობას, უნდა გაერთიანდეს ქვეყნის საერთო, უმთავრესი ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვისათვის, ქვეყნის ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის!
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადავდოთ პარტიული კუთვნილებები და ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, რომელსაც დღეს დაპატრონებულია რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ! დროულად და აუცილებლად მიმაჩნია პოლიტიკურ პარტიებს შორის დაიწყოს ერთიანი კონსულტაციები და შედგეს კონსესუსი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისათვის.
ქვეყანა უკიდურეს კრიზისშია, დროა მთელი საზოგადოება გაერთიანდეს, სხვადასხვა ფორმით გამოხატული პროტესტით, აქციებით ხელისუფლებას უნდა მივაწვდინოთ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის ხმა, რათა იძულებული გახდეს დაემორჩილოს საქართველოს მოსახლეობის ნებას - დასრულდეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული, მის ბიზნეს ინტერესებზე მორგებული, არაკომპეტენტური მმართველობა!"