
ინტერნეტში პოპულარულია რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული გადაცემა, სადაც რუს პოლიტოლოგებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინელი, ოდესის მერობის ყოფილი კანდიდატი ვადიმ ჩერნი მონაწილეობდა.
გადაცემა, რომელიც ეთერში აპრილში გავიდა, განიხილავდა თემას, არიან თუ არა უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. ასევე, წამყვანს აინტერესბდა უკრაინელების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული აგრესიის უარყოფა, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გამხდარიყო. ვადიმ ჩერნიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ "ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ უარყოფს რუსულ აგრესიას უკრაინაში" და გაიხსენა რუსეთში მოქმედი კანონი "ისტორიული ფაქტების რევიზიის" დაუშვებლობის შესახებ.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ რუსული აგრესიის კვალი უკრაინაში აშკარაა და თუ იქ რუსეთის არმიის ნაწილები იმყოფებიან, რატომ არ არიან ისინი ამდენხანს შესული ლვოვში, ვადიმ ჩერნიმ განაცხადა: "იმიტომ, რომ რუსეთის არმია ისევე განადგურებულია, როგორც უკრაინის; იმიტომ, რომ თქვენ კარგად გახსოვთ, რა დაგემართატ 1937 წელს; იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, ლვოვამდე მისვლა... რა ლვოვი? თქვენმა არმიამ პატარა საქართველოც კი ვერ დაამარცხა..."
დარბაზში აგრესია გამოიწვია უკრაინელის შედარებამ, როცა მან მეორე მსოფლიო ომი გაიხსენა და რუსეთის ქმედება უკრაინასთან მიმართებაში ნაცისტური გერმანიის მოქმედებას შეადარა. ჩერნიმ ოდესაში დაღუპული პირების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესაში ადამიანები შემთხვევით დაიღუპნენ, ყველა მიხვდა, რასაც ნიშნავს რუსული მშვიდობა და მხოლოდ ამიტომ არ არის იქ ომი.