
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო დღესაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან. ამის შესახებ ხიდაშელმა შვეიცარულ გამოცემა Neue Zurcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის დამოკიდებულება გააკრიტიკა.
თინათინ ხიდაშელი ინტერვიუში ამბობს, რომ მართალია, ბრძოლა არ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მცხოვრებლები ქრებიან.
თინა ხიდაშელმა 2008 წლის ომიც გაიხსენა და პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთ-საქართველოს ომს შორის: "ცივილიზებულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, როცა საქართველო მას დახმარებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს დახმარება ვერ მიიღო", - აღნიშნა ხიდაშელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მოხდა დემოკრატიული რევოლუციები, რის შემდეგაც რუსეთი ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიაზე გადავიდა.
"არამხოლოდ მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არამედ ყველა ქართველი შეშფოთებული ვართ იმ ომის გამო, რომელსაც რუსეთი უკრაინასთან აწარმოებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
"2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას რომ შეესმინა საქართველოს ხელისუფალთა მოწოდება, დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა", - ამბობს ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტიც.