
თავდამსხმელი, რომელმაც ოდესაში სამართალდამცველებს ესროლა და ერთი პოლიციელი მოკლა, კატაკომბებში მაკაროვის სისტემის პისტოლეტს მალავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ოდესის ოლქის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რომელიც სამართალდმაცველებმა ჩაატარეს გზატკეცილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელს, რომელმაც პოლიციელი მოკლა, მესამე პისტოლეტიც ჰქონდა.
როგორც წყარომ სტატიის ავტორს აცნობა, მამაკაცს კატაკომბის შესასვლელთან, გზატკეცილზე, პისტოლეტი ჰქონდა ჩაფლული, ხოლო კატაკომბში ვაზნები იპოვეს.
-პოლიციელებმა დაინახეს, რომ მამაკაცი ბუჩქებში იდგა და ტელეფონით ანათებდა მიწაზე, რითაც დაასკვნეს, რომ რაღაცას ეძებდა და მიუახლოვდნენ, რათა ეკითხათ, ხომ არ შეძლებდნენ მის დახმარებას, თუმცა, პოლიციელების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაიქცა.
პოლიციელები მას დაედევნენ, მამაკაცმა კი სროლა დაიწყო და ერთი პოლიციელი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ გაქცეული მამაკაცი პოლიციელთა სხვა ჯგუფს გადაეყარა, რომლებსაც აცნობა, რომ მის უკან ისვრიან, რის შემდეგაც ეს ჯგუფი დაჭრილი პოლიციელის ადგილსამყოფელისკენ გაეშურა, თუმცა, ერთ პოლიციელს მამაკაცი საეჭვოდ მოეჩვენა და მისკენ შებრუნდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას ესროლა და დაჭრა.
ამავე წყაროს ცნობით, ტყვიები, რომლითაც თავდამსხმელი „ტტ“-ს მარკის პისტოლეტიდან ისროდა, გადაკეთებული იყო:
„თავდამსხმელმა არა „ტტ“-ს, არამედ პნევმატური იარაღის ტყვიები გამოიყენა, რომლებიც გადაკეთებული ჰქონდა: ვაზნაში მან რეზინის ნაცვლად რკინის გულები მოათავსა, ამიტომაც, როცა ის პოლიციელს მოხვდა, სხეულში ნამსხვრევებად გაიშალა“, - ამბობს პოლიციელი მაღალჩინოსანი.
სამართალდამცველებს მომხდარი ფაქტის რამდენიმე ვერსია აქვთ. ერთერთი ვერსიით, ადგილი, სადაც თავდამსხმელს პისტოლეტი ჰქონდა ჩაფლული, იმ ადილის სიახლოვესაა, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბის.
„იქ ადამიანები ადრეც დარბოდნენ და ახლაც არავისთვისაა შეზღუდული, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი ინციდენტი არასდროს მომხდარა, ამიტომ გამოძიება სააკაშვილზე ტერაქტის მცდელობის ვერსიასაც ამუშავებს“, - ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ერთერთ მთავარ გზატკეცილზე 26 ივნიის მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი რომან ტრუფკინი დაიღუპა, რომელსაც თავდამსხმელმა ესროლა.
ასევე, ცნობილია, რომ მამაკაცმა, რომელმაც პოლიციელებს ესროლა, ინციდენტის ადგილიდან მიმალვა „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით მოახერხა, რომელსაც ლიტვის სახელმწიფო ნომერი ჰქონდა.
ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა არაერთხელ გამოთქვეს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ამ აზრს იზიარებს ოდესის ექს-გუბერნატორი, დეპუტატი ნიკოლოზ სკორიკი, რომელიც ამბობს, რომ იმ ინტერესების ხელყოფის გამო, რაც ოდესაში ზოგ ოლიგარქს და კრიმინალური სამყაროს ე.წ. ავტორიტეტებს გააჩნია, გამორიცხული არაა, მათ სააკაშვილზე თავდასხმა დაგეგმონ.