
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ სლავიანსკში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას ჩანაწერს, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და სადაც თვითმხილველის პოზიციიდან აღწერს, რა ხდებოდა და რა ხდება მის მშობლიურ ქალაქში, სადაც სისხლიანი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქალაქი დაიპყრო დივერსიულმა ჯგუფმა. ისინი შეიჭრნენ მილიციაში, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში და ქალაქის საბჭოში.
ველაფერი ეს „დონეცკის რესპუბლიკის საფარქვეშ მოხდა. დაიპყრეს რა მილიცია, მათ ხელში ჩაიგდეს 400 ერთეული საბრძოლო იარაღი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ეს არ არის ავტომატები პისტოლეტებია. ერთმა ბიჭმა მითხრა, რომ თუ დაიკიდებ ე.წ. გეორგიევსკის ლენტს, მიხვალ და ეტყვი: „ბიჭებო, მე თქვენთან ვარ“ შესაძლებელია შეიძინოთ საბრძოლო ერთეული სულ რაღაც 200 გრივნად.
რამდენიმე დღეში გამოგვეცხადა ქალაქ სლიავიანსკის ვიღაც „სახალხო მერი“. გეტყვით პირდაპირ, რომ ქალაქთან მას არანაირი კავშირი არა აქვს, უფრო მეტიც, არც რეგიონთან და არც საერთოდ უკრაინასთან.
იგი 2009 წლიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და თავად რუსეთში იძებნება მკვლელობისთვის. როგორღაც მოხდა, რომ ან თავი აარიდა დასჯას ან აკეთებს იმას, რაც უთხრეს.
ასე, რომ მათ აიყვანეს ქალაქის მერი ნელი შტოპა, გააჩერეს თავისთან რამდენიმე დღე და მერე კამერების წინ ათქმევინეს, რომ იგი „ფედერალიზაციის“ მომხრეა და მოიხსნა უფლებამოსილება მათ სასარგებლოდ.
იგი ამ დრომდე რჩება მძევლად. მიუხედავად აღიარებისა, იგი მაინც არ გაათავისუფლეს. სულ მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი დაახლოებით 16 ადამიანი, მათ შორის არიან დეპუტატები, მილიციის თანამშრომლები და ქალაქის საბჭოს თანამშრომლები.
ქალები, რომლებიც მათთან საკვების მოსამზადებლად დადიან, ამას ხალისით კი არა, სიკვდილის შიშით აკეთებენ, რადგან ჩვენი ქალაქი პატარაა და თავისუფლად შეიძლება იპოვო ნებისმიერი. ერთი ქალი რიგში იდგა და ტიროდა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
სლავიანსკი იქცა ტერორისტების ბაზად. უფრო მეტიც: ისინი გასაძარცვად ახლომდებარე ქალაქებში დადიან. მიდიან დილით და ჩამოდიან საღამოს. ისინი მათ მიერვე დაკავებული საავადმყოფოს შენობაში და სატუმრო „ვილა მარიაში“ ცხოვრობენ.
ხალხი ქალაქში მათ მხარს არ უჭერს, მაგრამ ხმამაღლა ამის გაცხადების ეშინიათ. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ ის ერთია, ვინც მათ არ ეთანხმება, დანარჩენი კი „ფედერალიზაციის“ მომხრეა. ეს იმიტომ ხდება, რომ ასე აშუქებს მოვლენებს რუსული მედია, რომელსაც ახლა ჩვენთან უშვებენ უკრაინულის ნაცვლად. მათ ტელეანძაც დაკავებული აქვთ. ყველაფერთან ერთად მათ გაუშვეს რაღაც არხი ეთერში ანტისემიტური მოწოდებებით.
ქალაქში დაიწო ქურდობა. დაიწყეს მაღაზიებიდან და ახლა სახლებშიც იჭრებიან. ყველა ბოშა, რომელიც წლების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა აქ და არავინ მათ არ ერჩოდა, ახლა ტოვებს ქალაქს. ყველა საშინელებას სჩადიან „მემარჯვენე სექტორის“ სახელით. დააყაჩაღებენ სახლს და იქვე აცხადებენ, რომ ეს „მემარჯვენე სექტორმა“ ჩაიდინა.
ვინმე თუ მეტყვის, რომ სლიავინსკში „სახალხო აჯანყებაა“, მე მას ქვას ვესვრი, რადგან არცერთი ადგილობრივი მათ არ ემხრობა, გამონაკლისები არიან მხოლოდ კომუნისტები, ხმელიოვის თამადობით და გაგიჟებული კუბრიჩენკო. კიდევ არიან მართლმადიდებელი ბებიები მამა ვიტალის ეკლესიიდან.
გუშინ ქალაქში დამატებითი რაზმი შემოვიდა, მათი რიცხვი მე არ ვიცი. ისინი ძალიან კარგად არიან შეიარაღებული. ხიდი ქალაქის ცენტრში დანაღმულია. მასზე მოძრაობა საშიშია, მაგრამ გვიწევს, იმის გამო, რომ ეს ხიდი ქალაქის ორ ნაწილს ერთმანეთთან აერთიანებს.
მდინარეში აღმოაჩინეს სასტიკად დასახიჩრებული ორი გვამი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ასევე წაიყვანეს და ერთი დღე არ გამოუშვეს, მაგრამ როცა გამოუშვეს, არანაირი კომენტარი არ გააკეთა, უარი თქვა დასკვნის გაკეთებაზეც და საერთოდ ამ თემაზე საუბარზეც. ერთ-ერთი გვამი ამოიცნეს, ის აღმოჩნდა გორლოვსკის საბჭოს დეპუტატი, რომელიც სეპარატისტებს მერიის შენობიდან უკრაინული დროშის ჩამოხსნის უფლებას არ აძლევდა.
ასე, რომ იგი სადისტურად მოკლეს საკუთარი ქვეყნის დროშის გამო. ინტერნეტში არის ათასობით ფოტო და ვიდეოფაქტი. რუსეთის დაჯგუფებების არსებობის შესახებ დღეს დუმაშიც კი თქვეს. თუმცა ოფიციალური მოსკოვი განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სახალხო აჯანყებაა და ამაში გარე ხელი არ ურევია.
დღეს ჩემს ბიძაშვილს მეგობარმა მოსკოვიდან სთხოვა, მოეყოლა ამბები სინამდვილეში რა ხდება იქ. როგორც თვითმხილველმა, ჩემმა ბიძაშვილმა ყველაფერი უამბო, თუმცა მოსკოველმა მეგობარმა არ დაიჯერა და უთხრა, რომ ის ზომბირებულია.
ეს ყველაფერი დავწერე იმის გამო, რომ ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა არ მომეყოლა ყველაფერი, რაც ხდება. მე ვცხოვრობ მოვლენათა ეპიცენტრში და ასეთი უნიკალური შესაძლებლობა მაქვს.
დღეს დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია. ხალხი ელოდებოდა მას სულმოუთმენლად, როგორც საშველს „შავი ჭირის“ მოსაშორებლად.
ხმები „მემარჯვენე სექტორზე“ ვრცელდება კატასტროფული სისწრაფით. ვესაუბრე იმ ადამიანებსაც, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია ნატო-ს დაგეგმილია „მემარჯვენე სექტორთან“ ერთად. ეს, რა თქმა უნდა, დიდი სისულელეა.
არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ, „ჩვენივე ხალხს ვკლავთ“.