-
2014-04-13 22:14
გორში 2013 წლის ბოლოს მომხდარი შემთხვევის შესახებ, როცა პოლიციელებმა ორი ძმა სასტიკად სცემეს და მათ პოლიციის განყოფილების შიდა საძინებელ ოთახში ემუქრებოდნენ, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი“ წერს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 11 აპრილს გაიმართა.
პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გორის რესტორან „მონადირესთან“ მოხდა, სადაც გასასვლელ კართან მდგარმა პოლიციის უფროსის მძღოლმა რესტორნიდან გამომავალი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს, გოგოს შეაგინა:
„ნელა გაიარე, შენი...“ - ამ რეპლიკას სამოქალაქო ფორმაში მყოფი მზღოლისგან გოგონას ნათესავების მხრიდან პასუხის მოთხოვნა, წაკინკლავება და ჩხუბი მოჰყვა - გოგოს ნათესავები სწორედ ძმები არიან, რომლებიც პოლიციის უფროსის დავიტ ბუხრაძის მძღოლს ეჩხუბნენ, მერე კი პოლიციის „პიკაპი“ გამოჩნდა და ორმა პოლიციელმა ძმები სასტიკად სცემა.
გოგონა, ვის გამოც ჩხუბი ატყდა, „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბარში იხსენებს, რომ მამაკაცს მისი ჩანთა წამოედო, ამის გამო შეაგინა და ჩხუბი ატყდა, მერე კი ორი პოლიციელო მოვიდა, რომლებმაც ძმები ჯერ ცემეს, მერე კი სამმართველოში გადაიყვანეს.
სასამართლომ ძმებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო პროცესი 11 აპრილს გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, დაცვის მხარის მოთხოვნა, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან ფირების ამოღების შესახებ, გამოძიებამ არ დააკმაყოფილა ფირების წაშლის გამო.
ასე რომ, პროცესზე გასამართლება ისევ იმ ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს, რომელთაგან ერთი ამტკიცებს, რომ დაზიანებები ძმას პოლიციის კარზე თავის მირტყმის გამო ჰქონდა, ხოლო მეორე ამავე პიროვნებაზე ამბობს, რომ მათი გამოჩენის შემდეგ ის ასფალტს ურტყამდა თავს, რათა თვითდაზიანებები მიეყენებინა და მერე ცემა პოლიციელებისთვის დაებრალებინა.
ბრალდების მთავარი მოწმეები პოლიციის თანამშრომლები არჩილ ელიაშვილი და გოგა სამადალაშვილი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, პოლიციის უფროსის მძღოლი უკვე ნაცემი იყო.
სასამართლო პროცესზე ისიც გახდა ცნობილი, რომ პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ, დაკავებული უფროსი ძმა საძინებელ ოთახში შეიყვანეს და იქაც სცემეს. ეს ცემა კი უმცროსს ძმას აყურებინეს.
,,მე შემიძლია აღვწერო ეს ოთახი. მაინტერესებს მათგან, რა მინდოდა იქ და რატომ შემიყვანეს?” – თქვა უფროსმა ძმამ. უფრო სწორად, კითხვა დაუსვა პოლიციელებს.
,,ჩემი შვილი როცა დავინახე პროცესზე, ვერ ვიცანი, ისე იყო ნაცემი” – გვითხრა დაკავებულების დედამ. ის იმ პროცესზე საუბრობს, რომელიც 2013 წლის დეკემბერში გაიმართა და მის შვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
პოლიციელების თქმით, მათ არ ახსოვთ, რომ დაკავებულები საძინებელში შეიყვანეს. მათი თქმით, ეს ოთახი, არა თუ ხელმძღვანელის, არამედ თანამშრომლების მოსასვენებელი ადგილია. ,,შესაძლოა, ის ოთახი ღია იყო, ჩანდა დაკითხვის ოთახიდან და ამიტომ შეუძლიათ აღწერონ საძინებელი” – თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
,,შიდა ოთახში რომ შემიყვანეს, იქ იყავი, ეს არ გახსოვს?” – ჰკითხა უმცროსმა ძმამ პოლიციელს. ,,არ მახოვს”- კვლავ უპასუხა პოლიციელმა სამადალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის განყოფილებებში შიდა ოტახები ერთადერთი ადგილია, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული.
სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საქმის არსებითი განხილვა ისევ გაგრძელდება, თუმცა, ისევ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომლებიც აშკარად ურთიერთგამომრიცხავია.
„შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ მიხედვით