-
2014-04-13 19:42
საქართველოს ომის ვეტერანთა მიერ 14 აპრილს კიდევ ერთი აქცია ანონსდება. განცხადების მიხედვით, აქცია 11:30 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანები უხმობენ ყველას, ვისაც სწამს, რომ დანებება გამოსავალი არ არის და ერთად დგომაა საჭირო.
განცხადებაში ნათქვამია:
„14 აპრილს 11.30 წთ–ზე გმირთა მოედანზე საქართველოს ომის ვეტერანთა ორგანიზებით გაიმართება „რუსული ჩექმის საწინააღმდეგო აქცია – „არა ღალატს, არა დანებებას!“.
დამოუკიდებლობა ყველაზე მთავარი მონაპოვარია, რასაც ქართველებმა მივაღწიეთ. გადაწყვეტილების მიღების უფლება, არჩევანი ეკუთვნის ქართველ ერს და ეს უფლება არ იყიდება.
ამ მთავარი პოსტულატის ნიველირება ხდება პოლიტიკური ჯგუფების მიერ და სხვადასხვა ორიენტაციის ძალები ცდილობენ შეგვაჩვიონ იმ აზრს, რომ ჩვენს ვერაფერს ვწყვეტთ და მხოლოდ უცხოელების ნებაზე ვართ დამოკიდებულები.
რუსეთის აგრესია გარდაუვალ აქსიომად უნდათ აქციონ და დანებება - ერთადერთ გამოსავლად. აფხაზეთში ჩვენ არც ნატო ვიცოდით და არც ევროკავშირი, მაგრამ სამშობლოსთვის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის საამაყო იყო.
კარგად გვესმოდა, თუ ვინ გვეომებოდა და ამ ქვეყნის დროშა დღეს თავისუფლების მოედანზე ფრიალებს... იუნკერების, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის გმირობა თავდადების მაგალითად დარჩა.
გელოდებით ყველას ვისაც სწამს, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, ვისაც სწამს, რომ არ უნდა დავნებდეთ მტერს, ვისაც სწამს, რომ ჩვენი ერთად დგომა ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღისთვისაა აუცილებელი“, - აღნიშნულია მიმართვაში.