
ლიბანელმა სამხედროებმა დააკავეს სილვიო ბერლუსკონის მრჩეველი ბეირუთში. მისი დაკავება ინტერპოლის მოთხოვნით მოხდა. საერთაშორისო პოლიცია მას მაფიის ხელშეწყობის გამო ეძებდა.
მარჩელო დელ უტრი, რომელიც პარასკევს გავიდა იტალიიდან და გაავრცელა განცხადება, რომ მკურნალობის კურსის გასავლელად მიდიოდა, ბეირუთის საუკეთესო სასტუმროში ცხოვრობდა. იტალიის პროკურატურამ მის დაკავებაზე ორდერი 10 აპრილს გამოწერა და ახლა აცხადებს, რომ რომში დელ უტრის ექსტრადიციას მიაღწევს.
თავად პოლიტიკოსმა, რომელიც ბერლუსკონის პარტია „ფორცა, იტალიას“ წევრია, განაცხადა, რომ ის მართლმსაჯულებას არ ემალებოდა და 15 აპრილამდე, როცა მისი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, იტალიაში დაბრუნდებოდა.
მარჩელო დელ უტრი 10 წლის წინ დაადანაშაულეს „კოზა ნოსტრასთან“ კავშირში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, მაგრამ საკასაციო სასამართლოს ამ განაჩენის განხილვა 15 აპრილს უინდა დაეწყო.
მთავარი და სკანდალური კი ამ ამბავში ისაა, რომ ლიბანში დელ უტრის ყოფნაში, როგორც ირკვევა, ბერლუსკონისა და პუტინის ხელი ურევია. არაა გამორიცხული, დელ უტრი ბეირუთში იმისთვის ყოფილიყო ჩასული, რომ ლიბანის ყოფილ პრეზიდენტს ამინ ჟმაიელს შეხვედროდა, რომელთანაც ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის გასაწევი ღონისძიებების ნუსხა უნდა შეეთანხმებინა, მათ შორის, რუსეთის დაფინანსებაც.
ამის შესახებ დღეს დილიდან იტალიური პრესა წერს. „რეპუბლიკა“ იტყობინება, რომ არსებობს სილვიო ბერლუსკონის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც ის ადასტურებს, რომ ყოფილი სენატორი ლიბანში ვლადიმირ პუტინის თხოვნით გაგზავნა: „მარჩელო ლიბანში იმყოფება, ის მე გავგზავნე, რადგან ვლადიმერ პუტინმა მთხოვა ამინ ჟმაიელისთვის კომპანიონობა გამეწია“ “, - აცხადებს სილვიო ბერლუსკონი ცანაწერში.
როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთ საკითხზე მოუწევს თავის მართლება, იმის მიუხედავად, ამოიღებს თუ არა ხმას დაკავებული ყოფილი სენატორი.