
26 ივლისს, ტელეკომპანია "რუსთავი - 2"-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 12 წელი შესრულდა.
2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოება მისი გარდაცვალების ფაქტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა. საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2004 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სანაიას მეუღლის ხათუნა ჩხაიძის მოთხოვნა, რომელიც მეუღლის მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა გრიგოლ ხურცილავას ადვოკატის დავით დადიანის მოთხოვნაც დაცვის ქვეშ მყოფისთვის განაჩენის შემსუბუქების შესახებ. ამჟამად, გიორგი სანაიას ოჯახი ახლადაღმოჩენილი გარემობების საფუძველზე საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.