
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურება.
სესიაშვილი სააკაშვილის შემთხვევასა და ვანო მერაბიშვილის საქმეს შორის პარალელს დასავლელი პარტნიორების რეაქციის თვალსაზრისით ავლებს. მისი განმარტებით, დასავლეთს მერაბიშვილის საქმეზე პრეტენზია მას შემდეგ აღარ აქვს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ სასამართლო მიუკერძოებელად და დამოუკიდებლად მუშაობს:
„მათი შეშფოთება არის უფრო მეტად პრევენციული ხასიათის, რათა დარწმუნდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარებს. საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის, ყოფილი პრეზიდენტი, დღეს უკვე რიგითი მოქალაქე დაბარებულია მოწმის სახით დაკითხვაზე.
საუბარი შეეხება ყველაზე გახმაურებულ საქმეებს, იმ საქმეებს, რომელსაც თავად შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საქმეების გამოძიებისკენ მოგვიწოდებენ. მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა აშშ-მაც, ევროკავშირმაც, მაგრამ მას შემდეგ რად სასამართლო პროცესები ჩატარდა და დარწმუნდნენ, რომ სასამართლომ ობიექტურად, დამოუკიდებლად ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, ამაზე პრეტენზია აღარავის აღარ გამოუთქვამს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.