-
2014-03-24 10:45
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებული არცერთი შეკითხვის არ ეშინია და მზადაა, პირადად გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას ამასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბჰაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს:
"რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ლობისტური კომპანიები და ევროპაში თუ ამერიკაში შექმნას მცდარი განცდა, თითქოს დაკითხვაზე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა დაბარებული.
თუმცა, ჩვენს მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი კითხვის არ გვეშინია. 24 მარტს დავესწრები ბირთვულ სამმიტს, სადაც მსოფლიოს ლიდერებიც იქნებიან და მედიაც.
შესაბამისად, თუ კითხვას დამისვამენ, პირადად გავცემ პასუხს, რათა დავასრულო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ლობისტური კომპანიებისგან შეიძლება წამოვიდეს.
ჩვენ ამის არ გვეშინია, ჩვენ უკვე გადავლახეთ ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ კუთხით ევროპასა და ამერიკაში დალაგდა სიტუაცია და მოიხსნა ის კითხვები, რომლებიც დასავლეთს სააკაშვილმა და მისმა ლობისტურმა კომპანიებმა გაუჩინეს", - ამბობს ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი.