
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი პროკურატურის მიერ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებისთვის ემზადება.
მისი თქმით, პროკურატურას „ყაჩაღი ფარცხალაძე“ მართავს და მას ლეგიტიმურობა და ნდობა დაკარგული აქვს:
“პროკურატურას, რომელსაც არაფორმალურად მართავს სამართლებრივი და სამოქალაქო კონტროლიდან გასული ყაჩაღი ფარცხალაძე, ლეგიტიმურობა და ნდობა დაკარგული აქვს.
მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, თუკი ეს ყაჩაღი ასევე არაფორმალურად იმართება შურისძიების სურვილით მოტივირებული რუსი ოლიგარქისგან.
პრეზიდენტი სააკაშვილი არასდროს გაქცევია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე. ის ამას დღესაც აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.
ხელისუფლების დანამატ პროკურატურას კი, რომელიც პრეზიდენტს დაკითხვაზე იწვევს ერთდროულად ათ საქმეზე, სრულიად ცხადი პოლიტიკური დავალება აქვს და მასთან თანამშრომლობა ივანიშვილის ბინძურ ჩანაფიქრში მონაწილეობის ტოლფასია.
ეს ჩანაფიქრია სამოქალაქო კონფრონტაციის გამოწვევა, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.
ჩვენ ვემზადებით მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის, სადაც თავგასულ მთავრობას დავანახებთ ხალხის ძალას და არ მივცემთ ამ გეგმის განხორციელების შესაძლებლობას“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.