
ჟურნალისტი, „ობიექტივის“ ერთერთი დამფუძნებელი ირმა ინაშვილი თბილისში მაიდნის მოწყობის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებებს ეხმიანება და მთავრობას მიმართავს, ყურადღება მიაქციოს საჯაროდ გამოქვეყნებულ მათ ინფორმაციას, რადგან მისთვის ცნობილია „მაიდნის“ გეგმების შესახებ.
ამასთან, ირმა ინაშვილი „ნაციონალებსაც“ მიმართავს და ამბობს, რომ მათ მაიდანი არ გამოუვათ, რადგან მათ რიგებშიც არიან ინფორმატორები.
„კვლავ ხელისუფლების საყურადღებოდ ვწერ: იმედია, აკვირდებით ნაცისტების ლიდერთა გამოსვლებს. ივანიშვილს უკვე იანუკოვიჩს ადარებენ და ღიად აცხადებენ, რომ საქართველოშიც სურთ "მაიდანი", სადაც, თურმე მიშა დაგვხვდება... (არ ვიცნობდეთ მაინც ამ კურდღელს).
ამასთან, გააქტიურდა მცდელობა, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი (კონკრეტულად, ეს ორი პერსონა და მერე, ზოგადად, ხელისუფლება) მიაბან პუტინს და რუსეთს, რაც, ცხადია, სასაცილოა, მაგრამ ახლა სიცილის დრო არაა.
იმის მიუხედავად, სერიოზულად გეჩვენებათ შექმნილი სიტუაცია, თუ არასერიოზულად, ჩემი რჩევაა მიაქციოთ ყურადღება ჩვენს მიერ საჯაროდ მოწოდებულ ინფორმაციებს. უახლოეს ხანში დეტალურად გავავრცელებ მასალებს, სად, როგორ, რომელი პროფესიის ადამიანების დახმარებით, რა ბაზაზე ამზადებენ ნაცისტები თბილისურ "მაიდანს", როგორ არიან ჩართულნი ამ პროცესში ძველი "ზონდერები" და რა სქემით აპირებენ საქართველოში პროვოკაციების აფეთქებას.
აქამდე რაც დავწერე, დავწერე ხელისუფლების საყურადღებოდ! ახლა ვწერ ნაცისტებისთვის: ყველაფერი ვიცით. ჩვენც გვყავს თქვენს რიგებში ინფორმატორები. "მაიდანი" არ გამოგივათ. გიმეორებთ: დიდ ლურსმანს ვამზადებთ, რომ საბოლოოდ დავაჭედოთ თქვენი პოლიტიკური კუბოს სახურავს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.