
თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მოპირდაპირე მხარეს მდებარე ღამის კლუბ GT-ში მომხდარი ჩხუბის აღსაკვეთად საპატრულო პოლიციის 7 ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.
"აფხაზეთის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ღამის კლუბში გამოძახებაზე გავიდა ასევე დაცვის პოლიცია - შემთხვევის ადგილზე ავტომატებით შეიარაღებული დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ.
სამართალდამცველებმა "აფხაზეთის ხმასთან" კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა, ცხადი იყო, რომ გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათისთვის უშუალოდ ღამის კლუბში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა: კლუბში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, მათ შორის იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც - "აფხაზეთის ხმას" საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს კლუბში შეშვებაზე, გამოძიების მსვლელობისთვის შესაძლო ხელის შეშლის მოტივით.
როგორც ზოოპარკის მხარეს მდგარი კერძო ავტომანქანების მფლობელებთან პირადი საუბრისას გახდა ცნობილი, პოლიციის გამოძახებას წინ უძღოდა ხმაური და ხელჩართული ჩხუბი ღამის კლუბში: "შიგნით დაწყებული დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა და ჩხუბში მთელი ჯგუფი მონაწილეობდა, ქალები კიოდნენ, ვიღაცამ თქვა, დაჭრილიც იყოო, მაგრამ სასწრაფო დახმარება არ გამოჩენილა და არც სისხლის კვალია ქუჩაში, ალბათ, შეეშალა", - თქვა "აფხაზეთის ხმასთან" პირად საუბარში ტაქსის მძღოლმა, რომელიც ჩხუბს თვალს გზის მოპირდაპირე მხრიდან ადევნებდა.
ასევე პირად საუბარში პოლიციელებმაც დაადასტურეს ჩხუბის ფაქტი, თუმცა, დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს: "ნასვამები იყვნენ და ჩხუბი ატეხეს, მაგრამ უკვე არაფერი, წავიდნენ სახლებში", - განაცხადა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც უარყოფითად უპასუხა "აფხაზეთის ხმის" შეკითხვას, დაიჭრა თუ არა ვინმე მომხდარი ჩხუბის დროს.
დეტალურ ინფორმაციას ღამის კლუბ GT-ში მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს, სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებს. ფოტოები გადაღებულია შემთხვევის ადგილზე.